ლევან გოგიჩაიშვილზე თავდამხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, არადა არსებობს ანგარიშსწორების ვიდეოკადრები. გახარიას თანაგუნდელს მეტროში თავს ოცამდე პირი დაესხა, ამას წინ უძღოდა ივანიშვილის მუქარა ყოფილი პრემიერისა და მისი გუნდის მიმართ. პარტიის წევრები ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ხედავენ.
ოცნების წარმომადგენლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს კოალიცია ძლიერი საქართველო. ლაპარაკია საოლქო კომისიაში სიტყვიერი თავდასხმის ფაქტზე. ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი თანაგუნდელის ქეთი თურაზაშვილის მამა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც კაცს კომისიაში ოცნების წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა.
გადამწყვეტ არჩევნებამდე საათებით ადრე, ამ დღის სიმძაფრე კიდევ უფრო ძლიერდება. განაკუთრებით როცა მწვავე ბრალდებები ისმის და მსჯელობის სათავეში ადამიანების სიცოცხლისა თუ უსაფრთხოების საკითხები ექცევა. კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბპობს, რომ მისი თანაგუნდელის, ქეთი თურაზაშვილის მამა საოლქო კომისიაში მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა. ალექსანდრე თურაზაშვილი პარტია ,,მოქალაქეების" წარმომადგენელი იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში.