კოალიცია ცვლილებისთვის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა.
"არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში. ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, ქართული ოცნება არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე ქართული ოცნება აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება.
ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა დრო და საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმ თავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა, მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე. [...] დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი შესაძლებლობის გამოყენებით გაყალბებული არჩევნების შედეგები. ხვალ ამასთან დაკავშირებით კიდევ გავაკეთებთ განცხადებას.
ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება, აბსოლუტურად უალტერნატივო, რომელსაც არ გადავუხვევთ და არც გადავსინჯავთ - ქართული ოცნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა. შევახსენებ ბიძინა ივანიშვილს, მას აქვს ბოლო შანსი, ან შეიძლება უკვე ჰქონდა ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაწერილიყო ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეღიარებინა, რადგანაც მან ეს არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილებები, გზა და ვესაუბრებით უკვე ქართველ ხალხს, აღარ ვესაუბრებით ხელისუფლებას", - თქვა ნიკა გვარამიამ.