ირანში სიკვდილით დასაჯეს გერმანელ-ირანელი დისიდენტი ჯამშიდ შარმაჰდი. შარმაჰდის სიკვდილით დასჯა გასულ წელს "დედამიწაზე კორუფციისთვის" მიუსაჯეს და აშშ-ში პრომონარქისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდეს ბრალი, რომელიც მათი მტკიცებით ტერორისტულ აქტებს აწყობდა. დისიდენტი ყველა ბრალს უარყოფდა, ხოლო მისი ოჯახი ამბობდა, რომ ის მხოლოდ წარმომადგენელი იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინმა არაერთხელ გააფრთხილა თეირანი, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯა "სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს".
"ჯამშიდ შარმაჰდის მკვლელობა აჩვენებს, როგორი არაჰუმანური რეჟიმი მართავს ირანს", - დაწერა X-ზე ანალენა ბერბოკმა.
მიიჩნევა, რომ შარმაჰდი ირანულმა სპეცსამსახურებმა დუბაიში 2020 წელს გაიტაცეს, რის შემდეგაც ომანიდან ირანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. ამავე წლის აგვისტოში, ირანის საგარეო დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შარმაჰდი "რთული ოპერაციის" შედეგად დააკავეს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International წერდა, რომ შარმაჰდი აიძულეს ბრალი ეღიარებინა და თავის ოჯახს განუცხადა, რომ ციხეში აწამებდნენ. მათივე ინფორმაციით, მან ვებსაიტი შექმნა, სადაც ირანის სამეფოს ასამბლეის განცხადებებს ავრცელებდა, მათ შორის განცხადებებს ირანში აფეთქებების შესახებ. ნაკლებადცნობილი ჯგუფი აშშ-ში, რომელსაც იცნობენ როგორც ტონდარს (სპარსულად ქუხილი), 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დამხობილი მონარქიის აღდგენისკენ მიისწრაფვის. ირანული ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შარმაჰდი ტონდარის ლიდერი იყო და მან "23 ტერაქტი დაგეგმა", რომელთაგან 5 იყო წარმატებული, მათ შორის 2008 წლის აფეთქება შირაზის მეჩეთში, რა დროსაც 14 ადამიანი დაიღუპა.