logo
ENG



WSJ: ირანი რეგიონს ისრაელზე ძლიერი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

04 ნოე 202411:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/04/xci9wfeiikl71rc.jpg

The Wall Street Journal ირანისა და რამდენიმე არაბული ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანმა რეგიონის ქვეყნების დიპლომატები ისრაელზე ძლიერი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ირანი თავდასხმისთვის არა მხოლოდ რაკეტებსა და დრონებს, არამედ რეგულარული არმიის სამხედროებსაც გამოიყენებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ირანელი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ისრაელზე ახალი შეტევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების (5 ნოემბერი) შემდეგ განხორციელდება, რადგან ირანს არ სურს, თავისი შეტევით შეერთებული შტატების არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. 

წყაროს ცნობით, ირანმა ისრაელზე შეტევისთვის შესაძლოა, ერაყის ტერიტორიაც გამოიყენოს.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ, თუ ირანი ისრაელს ან შეერთებულ შტატებს თავს დაესხმება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის პირდაპირი გაცვლის დასასრული უნდა იყოს", - თქვა მან.

The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავდაპირველად რეგიონის სხვა ქვეყნებს უთხრეს, რომ ამაზე რეაგირებას არ აპირებდნენ. რამდენიმე დღეში კი ტონი შეიცვალა. 

 


close დახურვა