logo
ENG



გახარია ითხოვს, საარჩევნო ბაზა გაიხსნას და ამომრჩევლებმა საკუთარი ინფორმაცია გადაამოწმონ

29 ოქტ 202416:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/29/9m09ql4ax974xyy.jpg

გახარია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ცესკოს სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტისა და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა.

ამასთან ერთად, გახარიამ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდა გასაჯაროვდეს ინფორმაცია, რომელიც მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფაქტსა და საათს დაადასტურებს.

"ცესკოსგან მოვითხოვეთ სმარტმატიკთან გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა და ყველა ის ცვლილებები, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რათა გასაჯაროვდეს. 

ჩვენ დღეს მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 76791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს, ინდივიდუალურად, უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მონაწილეობდა თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე მისცა ხმა. 

დღეს, ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს ყოველივე პირად მონაცემებსა და კანონს არღვევს. მინდა შევახსენო ცესკოს, რომ არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. 

ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია, შევიდეს, გადაამოწმოს საკუთარი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ მონაცემებს დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე", - თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ამ მონაცემების გასაჯაროება უპრობლემოდ შეუძლია და აცხადებს, რომ ეს მონაცემები, სანამ ხელმისაწვდომია და როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, აუცილებელად უნდა გასაჯაროვდეს.

"დღეს ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ერთ საათში. ჩვენ არ ვიცით, სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და როდემდე შეინახება ეს ინფორმაცია, შეიძლება ერთ-ორ კვირაში, 10 დღესა ან ერთ თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ასეთი დაძაბულობისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ქვეყანას ევროპული გზა ეკეტება და სახელმწიფოს სჯერა თავისი ქმედებების, ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთხელ და სამუდამოდ, საკითხს დახურავს", - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა