logo
ENG



ნონიაშვილის ცნობით, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუჩერეს

29 ოქტ 202418:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/29/63qw7gowipn725p.jpg

ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. ამის შესახებ სოფო გელავას ქმარი, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე წერს.

24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წამოიღეს.

ნონიაშვილი წერს, რომ გუშინ საღამოს შემდეგ ამ საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა პასუხი არ აქვთ. ნონიაშვილის ცნობით, გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევთ ვარაუდობს, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული.

"ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.

გუშინდელი საღამოდან თიბისისთან და საქართველოს ბანკთან ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. "ვარკვევთ" "არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება"... თითქოსდა პატარა პრობლემაა.

ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. თიბისის ფილიალის მენეჯერი როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. "დაგველოდეთ...დაგველოდეთ,ავალთ, ჩამოვალთ..." მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.

ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.

გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.

თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ "ბესპრედელის" გამო(ქვეყნის გარეთაც- გავაგებინებთ" - წერს ნონიაშვილი.

 


close დახურვა