logo
ENG



ხვიჩია: არჩევნების ფარულობის დარღვევა ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება

30 ოქტ 202423:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/6hi0etd4kz697o5.png

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის საჩივარი ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ სწორია და შეუძლებელია მასზე არ დათანხმება.

"არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება.

ფოკუსი უნდა გადავიდეს ამაზე, რადგან ეს უკვე თითქმის დადასტურებული ფაქტია. ჯერჯერობით ყველა სხვა არგუმენტს ქოცები იგერიებენ, მაგრამ შეუძლებელია ახსნა იმისა, რომ არჩევნები სწორად ჩაატარე, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ამომრჩეველთა 90% ის შემთხვევაში.

იმის დასადასტურებლად ბიულეტენის უკანა გვერდიდან შეიძლებოდა თუ არა ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება, მოთხოვნილ უნდა იქნას ელექტრონული უბნების გახსნა და თუ არსებითად დადასტურდა დარღვევა (რაც როგორც ჩანს ასე იქნება) არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. საერთაშორისო პარტნიორებთანაც ძირითადად ამ არგუმენტით უნდა იყოს საუბარი, არჩევნების ცნობა-არ ცნობასთან მიმართებაში.

ცივილიზებულ სამყაროში არავინ ატარებს საყოველთაო არჩევნებს საჯარო ხმის მიცემის წესით. საიას ეს საჩივარი სწორია და შეუძლებელია მასზე არ დათანხმება. გაიშარნენ ქოცები ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც"- წერს ხვიჩია. 

30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. საია-ს თანახმად, პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.

"ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა" - აცხადებენ საიაში.

ცესოკო ირწმუნება, რომ  ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები საკუთარ  არჩევანს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.


close დახურვა