პარტია გიორგი გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით" დაიწყო.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას მათ მიერ შეტანილ ოფიციალურ მტკიცებულებებზე, რაც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარასა და კორუფციაზე მიუთითებს, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.
"პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო.
1. კარგია, რომ გაყლბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ;
2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ;
3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არც ერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა მაგავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით);
4. რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემს გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში რასაც ჰქვია ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა.
აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".
განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.
ცესკოს მიმართვიდან მეორე დღესვე, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და გამოძიება დაიწყო. უწყებაში ასევე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს.