პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "ოცნების" პარლამენტში რეზოლუციის პროექტს აინიცირებს, რომელიც რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკას ეხება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა კერესელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ დოკუმენტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მორიგი, უკიდურესად სახიფათო ეტაპია. მისი თქმით, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული აქტი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის სხვადასხვა სფეროს რუსეთის ფედერაციასთან სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
კერესელიძემ მედიასთან საუბრისას გააკრიტიკა მმართველი გუნდის პოზიცია და აღნიშნა: „ხვალ 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, სამწუხაროდ, ამ სიმბოლურ დღეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე კვლავ ხელისუფლების დუმილით ვხვდებით. ყველაზე მძიმე და საგანგაშო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე „ოცნების“ ხელისუფლება სდუმს! ამ პირობებში საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას“.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, პარტია "ოცნების" ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვს. შალვა კერესელიძის განცხადებით, მმართველ ძალას ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კონკრეტული მოწოდებებით გამოდის:
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას! მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ!“
