logo
ENG



119 000-ზე მეტი ინფიცირებული და 4 200-ზე მეტი დაღუპული - კორონავირუსის ბოლო მონაცემები

11 მარ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. 119 ათასზე მეტი ინფიცირებული და 4 200-ზე მეტი დაღუპული - ასეთია ვირუსთან დაკავშირებული ბოლო მონაცემები. საგანგებო ზომების მიუხედავად, ქვეყნებში ვირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. დღეს გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა, რომ ახალი ვირუსით მოსახლეობის 70 %-მდე დაინფიცირდეს. ახალ რეალობასთან შეგუებას ცდილობენ იტალიელებიც. 

იტალიაში სუპერმარკეტების რიგში მდგომი ადამიანები ერთმანეთთან ერთმეტრიან დისტანციას მოთმინებით იცავენ. ახალი მკაცრი რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით მეორე დღეა მოქმედებს, თუმცა პრემიერ მინისტრი ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. ლომბარდიის რეგიონში მუშაობა შესაძლოა მაღაზიებმა, ოფისებმა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც შეაჩეროს. კორონავირუსს ბოლო მონაცემებით იტალიაში 631 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებს. 

გერმანიის მოსახლეობის 70 %-მდე, ანუ 58 მილიონი ადამიანის, დაინფიცირებას ვარაუდობს გერმანიის კანცლერი. კორონავირუსის თემაზე ანგელა მერკელმა დღეს პირველი პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართა და იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვა გამორიცხა. გერმანიაში ვირუსის ათას 300-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი 3-მდე გაიზარდა.

ვირუსს პირველი მსხვერპლი მოჰყვა ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში კი დაავადება ჯანდაცვის მინისტრს დაუდგინეს. დაღუპულთა და დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო საგანგებო ზომებზე გადავიდნენ საფრანგეთი და ესპანეთიც. დღეს ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში ესპანეთის მონარქს უმასპინძლა, თუმცა ლიდერებს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ. ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები კი პარიზის დაწყებით სკოლაში იმყოფებოდნენ და პატარებს ჰიგიენის გაკვეთილი პირადად ჩაუტარეს.

გარდაცვლილთა რიცხვი 354-მდე გაიზარდა ირანში. ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 63 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 000-ს გადააჭარბა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა თურქეთშიც.

ათასს აღემატება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეერთებულ შტატებში. სენატის უმცირესობის ლიდერი პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართავს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ურჩევს. დაინფიცირებულ პირთან ერთად კონფერენციაზე დასწრების მიუხედავად, თავად დონალდ ტრამპი ანალიზის ჩატარებას არ აპირებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის მიზეზი არ აქვს, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

 


close დახურვა