წიგნის 19 გამომცემლობა აცხადებს, რომ მათთან შეუთანხმებლად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია გადაწყვიტეს, რის გამოც, გამომცემლობებმა მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ ასოციაცია.
"2024 წლის 29 აგვისტოს საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა და გამომცემელთა ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, ასოციაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამგეობამ, მისმა თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და ასოციაციის დირექტორმა დალი ბაგრატიონ გრუზინსკიმ მიიღეს ასოციაციის წევრებთან შეუთანხმებლად.
დარეგისტრირება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა კი მმართველობის ის ფორმაა, რომელიც დაუშვებელია წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, წესდებაში არსებული ხარვეზების გამო ვერ შევძელით ქმედითი ზომების მიღება ასოციაციის შიგნით, ხოლო რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან, და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, კონსტრუქციული დიალოგი ვერ მოხერხდა.
ვინაიდან ასოციაციის მმართველი რგოლი აღარ ითვალისწინებს წევრების ინტერესებს და უჩვენოდ იღებს ჩვენთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, აღარ გვსურს ვიყოთ ამ ორგანიზაციის წევრები. ამიტომ, ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას, ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა", - აცხადებენ გამომცემლები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პალიტრა L;
- ბიბლუსი;
- ინტელექტი;
- არტანუჯი;
- ინდიგო;
- ზიარი;
- ზებრა;
- მედუზა;
- პეგასი;
- ბუქმანია;
- ბუქმარკი – წიგნები ვაკეში;
- საბა;
- ალონი;
- წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“;
- ლაზარე;
- რასთი კომიქს;
- ელვა.ჯი;
- ელვა იმპორტი;
- კავკასია.