logo
ENG



"არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს, მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ" - სტუდენტების მანიფესტი

17 ნოე 202419:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/17/kpboef7sjag1ws8.png

საქართველოში მოქმედი 13 უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღევანდელ აქციაზე მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ ცნობენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას.

ამასთან, მანიფესტში წერია, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.

"საქართველოს სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და ვგმობთ ქართული ოცნების მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.

განათლების საკითხებში ხელისუფლების უხეში ჩარევის ფაქტები: დისკრიმინაციული და შერჩევითი გადაწყევტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესში და სწავლების ნაწილში ცენზურის დაწესება განათლებაზე თავდასხმად გვესახება, ხოლო "რუსული" და ცენზურის დამწესებელი კანონებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავი რეპრესიული ქმედებების ფონზე, არჩევნების სისტემური გაყალბების ფაქტი ცხადყოფს ქართული ოცნების მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების უხეშ მცდელობას.

ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება ჩვენი უფლებაა, სახელმწიფო კი ეკუთვნის ხალხს და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. თუ ხელისუფალი არ პასუხობს ჩვენს ნებას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, პროტესტის გზით შევცვალოთ ის.

საქართველოს სტუდენტები, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ერის წინაშე, ვაგრძელებთ ჯერ კიდევ ჩვენამდე დაწყებულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ისტორიული არჩევანი გაკეთებულია, საქართველო ყოველთვის ირჩევდა და ირჩევს ევროპას, წინსვლასა და განვითარებას. ჩვენ ამ არჩევანის ერთგულებას ვამტკიცებთ. მხარს ვუჭერთ პროტესტის ყველა არაძალადობრივ ფორმას და მოგიწოდებთ სტუდენტებს ერთობისკენ, რადგან ძალა, რომელსაც სასურველი ცვლილების მოტანა შეუძლია, ძალა, რომელსაც ღირსეული სისტემის შექმნა შეუძლია სწორედ ჩვენშია.

ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება საქართველოს სტუდენტები, როგორც საქართველოს მოქალაქეები ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმურად და მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის! გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია და გამარჯვება გარდაუვალია! ვიბრძვით თავისუფლებისთვის!", - წერია მანიფესტში.

მანიფესტს ხელს აწერენ:

  • ილიას უნივერსიტეტის,
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის,
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,
  • აგრარული უნივერსიტეტის,
  • თავისუფალი უნივერსიტეტის,
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის,
  • კავკასიის უნივერსიტეტის,
  • GIPA-ს უნივერსიტეტის,
  • BTU-ს,
  • საქართველოს უნივერსიტეტის,
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის,
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია "უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა" მიმდინარეობს. აქციას სტუდენტების გარდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები უერთდებიან.

 


close დახურვა