
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია დაინტერესდა, თუ რატომ არის მისი დიპლომი გასაიდუმლოებული.
მთავარი კითხვის დასმამდე ბოკერიამ მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, თუ როგორ აფასებდა 90-იანი წლების განათლების სისტემაში არსებული კორუფციის პრობლემას. თადუმაძემ ბოკერიას დაუდასტურა, რომ იმ პერიოდის ზოგადი შეფასება საკმაოდ მძიმეა.
მას შემდეგ კი, რაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ საკითხს, ორივე ერთნაირად აფასებდა, ბოკერია მთავარ კითხვაზე, მოსამართლეობის კიანდიდატის დიპლომზე გადავიდა.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ დიპლომის მიხედვით, თადუმაძე 1994 წელს დაარსებულ სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა.
„მე და თქვენ, 90-იან წლებში წლებში ერთად ვსწავლობდით უმაღლეს სასწავლებელში. რადგან მეთანხმებით, რომ დიპლომების ყიდვა-გაყალბება გახსოვთ და სიტუაციას ერთნაირად ვაფასებთ, გადავალ მთავარ კითხვაზე. რაშია საქმე - თქვენი სწავლის ბიოგრაფია რაღაც იდუმალებით არის მოცული. რატომ ვკითხულობ ამას, იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, რომლებმაც მოიძიეს ეს ინფორმაცია, ჯერ მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას და იცით რა პასუხი მიიღეს, პერსონალური მონაცემია და არ მოგცემთო. მერე მიმართეს გენერალურ პროკურატურას და იქ უპასუხეს, რომ პროკურატურა არ მონაწილეობს პროკურორის არჩევაში, ამიტომ არ მოგცემთ მის დიპლომსო. მერე მიმართეს პარლამენტს და იქიდან უპასუხეს რომ რეგლამენტი არ ითვალისწინებს მსგავსი დოკუმენტის გაცემასო. იუსტიციის სამინისტრომ კი საერთოდ არ გასცა პასუხი. ადვოკატთა ასოციაციამ კი უპასუხა, რომ მათთან ძველი საბუთები ნადგურდებოდა. ამ თქვენს დიპლომში რამე საიდუმლო კოდია დავინჩის დაცული, თუ რატომ გვიმალავენ მას?“ - მიმართა ბოკერიამ თადუმაძეს.