logo
ENG



კალაძე ბორელის განცხადებაზე: ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ

19 ნოე 202413:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/19/g5r8u47cuyso1nu.jpg

ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან არჩევნების საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად არიან. 

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოგზავნიან, რომელიც გაანალიზებს, თუ რა მოხდა არჩევნებზე

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს „კინო“ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი ამტკიცებს, რომ რამდენიმე ინციდენტის გარდა არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

"რეალურად არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნაც ვიხილეთ, საბოლოო დასკვნაც. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი დღე აკვირდებოდნენ არჩევნებს, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გააკეთეს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მარნეულსა და თბილისში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერები პირდაპირ უსწორდებოდნენ რიგით მოქალაქეებს. ამ პატარა ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი არჩევანი გაეკეთებინა. 2012 წლიდან ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი გარემო მე არ მახსოვს", - აღნიშნა კალაძემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი თვლის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოიძიება აუცილებელია. 

"ეს იქნება ტექნიკური მისია და ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ გაანალიზდეს სიტუაცია ადგილზე, რა მოხდა არჩევნებზე და ეს ინფორმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული და არჩევნებს თვითონ პრეზიდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და აპროტესტებს და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებმა ძალიან დიდი შეშფოთება წარმოქმნა ევროპაში უკუსვლის გამო. სიტუაცია უნდა შემოწმდეს, გაანალიზდეს და ამაზე იქნება აგებული ტექნიკური მისია"- განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


close დახურვა