logo
ENG



ქართული ოცნება ახალი პრეზიდენტის არჩევნებს 14 დეკემბერს ჩაატარებს

26 ნოე 202412:04
3 წუთის საკითხავი
 

ქართულ ოცნებას სურს, ახალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატაროს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მესამე კვირა დღეს, ანუ 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგენილება ქართულმა ოცნებამ პლენარულ სხდომაზე განიხილა და თვითონვე უყარა კენჭი. 

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.

არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც მხოლოდ ერთს უნდა მისცეს.


close დახურვა