logo
ENG



ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

27 ნოე 202417:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/27/84no34jfw9esm47.jpg

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ახალ შემადგენლობას 370-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 282, 36-მა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ხელმძღვანელი კვლავ გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება. ევროკომისიაში 26 წევრი იქნება - თითო წარმომადგენელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ევროკომისიის ახალი შემადგენლობა უფლებამოსილებას პირველი დეკემბრიდან შეუდგება.

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გახდება. აღნიშნულ პოზიციაზე იგი ჟოზეფ ბორელს შეცვლის. ევროპარლამენტში გამოსვლის დროს კალასმა პირობა დადო, რომ რუსეთის შეკავებისა და უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას გააგრძელებს.

ევროკომისიაში თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის კომისრის თანამდებობა პირველად გაჩნდა. იგი ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ევროპარლამენტმა ანდრიუს კუბილიუსმა დაიკავა. მისი თქმით, ის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის პროექტს 100 დღეში წარადგენს.

ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილე იქნება იტალიის წარმომადგენელი რაფაელ ფიტო. იგი, ასევე, რეგიონული დაფინანსებისა და რეფორმების კომისრის თანამდებობას დაიკავებს. ფიტო იტალიელი მემარჯვენე და პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის მხარდამჭერია.


close დახურვა