ჩემი სადეპუტატო თუ ჟურნალისტური გამოცდილებიდან შემიძლია საინტერესო დაკვირვება გაგიზიაროთ: ქართულ და სხვათა შორის არამარტო ქართულ პარლამენტში ყოველთვის იყვნენ დეპუტატები, ან დეპუტატთა მცირე ჯგუფი, რომელთა მოვალეობასაც დარბაზში ისეთი რამის გაკეთება, ისე მოქცევა, კიდევ უფრო ზუსტად - იმის კადრება წარმოადგენდა, რასაც სხვები ან არ, ან ვერ იკადრებდნენ. ასეთებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული - სიაშიც და პარლამენტშიც იმიტომ მოხვდნენ, რომ დეპუტატის ეთიკისა და სოლიდური პოლიტიკოსისთვის სრულიად მიუღებელი დავალებები უნდა შეესრულებინათ.
ინტელექტი, კანონშემოქმედებითობა, მჭევრმეტყველება, რომელიმე დარგის საექსპერტო ცოდნა, ან სამოქალაქო თავდადების ისტორიები მათ მხრებს, ან სინდისს არ ამძიმებდა და ეს სიმჩატე კარგი წინაპირობა იყო საპარლამენტო დარბაზში ნახტომისა და მაგიდებზე გადავლების, მრავალსართულიანი გინებისა თუ ოპონენტებისთვის მიკროფონის თავში ჩასარტყმელად.
როგორც წესი - ეს თავადაც კარგად ესმოდათ და ამ მისიის წარმატებით განხორციელების გამო, სხვა სიბრტყეში კონკურენციას თავარიდებულები, ხშირად შემდეგი მოწვევის სიას თუ არა, რამე შემოსავლიან თანამდებობას მაინც გამოკრავდნენ ხელს.
ასეთები შევარდნაძესაც ჰყავდა, აბაშიძესაც, სააკაშვილსაც და მოკლედ, ამაში, გასაოცარი თითქოს არაფერია. მაგრამ ისინი მორალური მარგინალები, იშვიათობები, საკუთარ გუნდშივე პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან სრულიად დისტანცირებული წარმონაქმნები იყვნენ. მათ სერიოზულად არც არავინ უყურებდა, თავისი ვიწრო ნიშა ჰქონდათ, სადაც შეღწევას პოლიტიკური პერსპექტივისა და თავმოყვარეობის მქონე სხვა დეპუტატი არასოდეს ეცდებოდა.
აი, ზუსტად ამ ნიშას ამაგრებდა აქამდე ყაველაშვილი, რომელსაც მისნაირებთან მართლაც ჰქონდა უპირატესობა პატრონის მიერ დღეს ნაქები და წინა პლანზე გამოტანილი მახასიათებლის - ჰაბიტუსის გამო. ოღონდ ეგ ლამაზად დავარცხნილ-მოწესრიგებული წვერ-ულვაშის სტილი ერთადერთია, რაც კი მის მიერ ნალანძღი ევროპული კარიერის მემკვიდრეობიდან შემორჩა.
აი, ივანიშვილის "დამსახურება" კი ისაა, რომ რასაც მისი წინამორბედები ერთ-ორ უშინაარსო, უცოდინარ, სხვა საქმეში გამოუსადეგარ, უპერსპექტივო დეპუტატს აკეთებინებდნენ - მთელი საპარლამენტო შემადგენლობის ქცევის ეთიკად, ანუ ანტი ეთიკად აქცია. და მეტიც - და აქვე დროა ვახსენოთ - ანტიკულტურულთან ერთად ანტიდასავლური განწყობა, მის ვერტიკალში მცოცავობისა და კარიერული წინსვლის მთავარ კრიტერიუმებად ჩამოაყალიბა. თუმცა, ყაველაშვილის პერსონალურ მახასიათებლებზე მეტად მნიშვნელოვანია - რას წარმოადგენს ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, როგორც გზავნილი?!
პირველ რიგში - როგორც გზავნილი მოსკოვისთვის:
ყაველაშვილი ის დეპუტატია, რომლის მიერ ივანიშვილის დირექტივით დაარსებულმა "ხალხის ძალამაც" ანტიდასავლური და პრორუსული ფლანგის დროშა დიდი შრომის ფასად ნიშაგამაგრებულ ალტინფოს და პატრიოტთ ალიანსს ხელიდან გამოსტაცა და კიდევ უფრო ღრმა ორმოში ჩაარჭო; სხვათა შორის სულ მეცინებოდა, როცა ჩემი კოლეგები კანდიდატების ჩამონათვალში კოკო გამსახურდიას ახსენებდნენ. განსწავლულობა, ენების ცოდნა, შთამომავლობა... თითქოს ამ თანამდებობაზე მოსახვედრთა შორთლისტში დიდი კონსტანტინეს შვილიშვილს სხვებზე მეტი უპირატესობა ჰქონდა.. მაგრამ არავინ იფიქრა მის გვარზე - გამსახურდია ის გვარია, რომელიც რუსეთისთვის დღემდე წითელი ნაჭერივითაა, შეუდრეკელი ქართული სულის, ეროვნული დამოუკიდებლობის, თავისუფლების, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.
აქვე, გთხოვთ, უბრალოდ რამდენიმე წამით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ზვიადი და მერაბი და მათ წინ მდგომი ბიძინა და ყაველაშვილი. აი, რასაც წარმოიდგენთ - ეგაა დიაგნოზი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს მდგომარეობის და ეგაა გზავნილი, რისი ჩვენებაც ამ გადაწყვეტილებით თავად რუსეთისთვის ივანიშვილს სურს: მან მთელი სახელმწიფო მიიტაცა და ახლა, როგორც ამ ნადავლ ტორტზე ალუბალი ისე წამოასკუპა ევროპულად გაკრეჭილი ქართული ჰაბიტუსის ყაველაშვილი დე ფაქტო, მაგრამ პრეზიდენტად ქვეყნის, როგორც ნიშანი იმისა, რომ დე იურე - საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, პროევროპული სახელმწიფო კი არსებობს, მაგრამ დე ფაქტო ეს არის ივანიშვილის ბოსტანი, სადაც ვისაც უნდა, სადაც უნდა, იქ გადარგავს და რასაც უნდა იმას დაარქმევს - თუნდაც გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის მემკვიდრეს - რომელიც სინამდვილეში ამ მემკვიდრეობის მესაფლავის, ანუ თავად ბიძინას "ლაფატკაა" და სხვა არაფერი. ივანიშვილის, რომელიც ამ სამარეს შოკისგან და გაოგნებისგან პირდაღებული ქართველი ხალხის თვალწინ თხრის და თან საკუთარ თავს დასძახის : - "აბა ტემპში! ტემპში!!!"