ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში უხერხული სკანდალის ფონზე მიმდინარეობს — თბილისმა, გამოკვეთილი საფრთხის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა ისე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არსიც უგულებელყო და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი და მორალური ზღვარიც კიდევ ერთხელ გადათელა.
ანუ ზუსტად იმ დროს, როცა საქართველო უნდა წარმოაჩენდეს საკუთარ თავს როგორც სახელმწიფო, რომელსაც პარტნიორობა ღირსების შენარჩუნებით შეუძლია, ჩვენ ვაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც პოლიტიკური კომფორტის სანაცვლოდ სამართლებრივ და ეთიკურ ზღვარს შლის..
ამიტომ ეს დღე მხოლოდ ალიევის ვიზიტის დღე არ არის.
ეს დღე არის სარკე, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთადაც ვჩანვართ და ცალ-ცალკეც.
ამ ორ ქვეყანას მართლაც ჰქონდათ და აქვთ საერთო დიდი ისტორიული ამოცანა.
ეს პარტნიორობა შემთხვევით არ დაბადებულა. მას საფუძველი ჩაუყარეს ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა, შემდეგ კი გააგრძელეს მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა. ამ პარტნიორობის არსი მარტივი იყო: ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, ორივე ტერიტორიული პრობლემით, ორივე სეპარატისტული ანკლავების არაღიარების პოლიტიკით, ორივე რუსეთის ზეწოლის ქვეშ, ორივე დაინტერესებული დასავლეთთან დაახლოებით, ორივე დაინტერესებული ინსტიტუციური მოდერნიზაციით და ორივე მზად იმისთვის, რომ ენერგეტიკა და ტრანზიტი გეოპოლიტიკურ ენად ექცია. სწორედ ამ ლოგიკიდან დაიბადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი – პროექტები, რომლებმაც ორი ქვეყანა უბრალოდ მეზობლები კი არა, ერთმანეთის სტრატეგიული საყრდენები გახადა.
წლების განმავლობაში საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად თამაშობდნენ ერთ დიდ თამაშს:
როგორ დაემტკიცებინათ, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია რუსეთის გვერდის ავლით სახელმწიფოს შენება, ეკონომიკის გაძლიერება და დასავლეთთან პირდაპირი კავშირის შექმნა.
მაგრამ მერე გზები გაიყო.
აზერბაიჯანმა ბოლო ათ წელიწადში მთავარი შედეგი მიიღო იმ ფრონტზე, რომელსაც მის სახელმწიფო პროექტში ყოველთვის ცენტრალური ადგილი ეკავა - ძალის, ენერგიისა და სამხედრო-პოლიტიკური ინიციატივის კონცენტრაციით, თურქეთთან სწორი ალიანსის ჩამოყალიბებით, რეგიონულ დღის წესრიგზე კონტროლი მოიპოვა. ყარაბაღის საკითხში ბაქომ ტერიტორიული რეალობა თავის სასარგებლოდ შეცვალა და დღეს უკვე არა მხოლოდ მონაწილეა, არამედ ერთ-ერთი მთავარი მოკარნახეა სამხრეთ კავკასიის ახალი წესრიგის. ენერგეტიკაში აზერბაიჯანი ისევ სისტემური მოთამაშეა; ტრანზიტში კი ცდილობს, შუა დერეფნის ახალი ფაზაც თავის გავლენის გაგრძელებად აქციოს. ალიევის დღევანდელი გზავნილებიც ამას მოწმობს – საქართველო მისთვის ძველი მეგობარია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელი სატრანზიტო ინსტრუმენტიც.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა.
მეორე მხარე ის არის, რომ აზერბაიჯანმა ეს რეგიონული დაწინაურება ავტორიტარული სიმტკიცით მოიპოვა და არა პოლიტიკური გახსნილობით.
საქართველოში ვითარება სხვაა. ჩვენმა ქვეყანამ ის უპირატესობა დაკარგა, რომელიც მის ნამდვილ ისტორიულ ძალას ქმნიდა – ინსტიტუციური სანდოობა, დემოკრატიული უპირატესობა, დასავლური კურსის სიცხადე და მორალური სიმაღლე რეგიონში. საქართველოს ძალა არასოდეს ყოფილა სამხედრო სიმძლავრე, თუმცა ამერიკელებთან და თურქებთან ერთად ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდა. საქართველოს ძალა იყო მისწრაფება – რომ ეს ქვეყანა შეიძლებოდა გამხდარიყო სამხრეთ კავკასიის ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გახსნილი, ყველაზე პროგნოზირებადი სახელმწიფო. სწორედ ეს უპირატესობა ქრება.
ანუ მივიღეთ პარადოქსი:
აზერბაიჯანი თავისუფლების გარეშე გაძლიერდა,
საქართველო კი თავისუფლების იდეის შესუსტებით დაპატარავდა.
ამ ფონზე ალიევის დღევანდელი ვიზიტი მხოლოდ მეგობრის სტუმრობის აქტი არ არის.
ეს არის ძალთა განლაგების დემონსტრაციაც.
აქ ჩნდება საინტერესო კითხვა:
რა აქვთ ბიძინა ივანიშვილსა და ილჰამ ალიევს ერთმანეთთან სალაპარაკო ინტერესების დონეზე?
ჩემი ვარაუდით, ამ საუბრის სამი შესაძლო შინაარსი არსებობს.
პირველი – ძალაუფლების სტაბილურობა.
ორივესთვის სასარგებლოა ისეთი გარემო, სადაც პოლიტიკური მართვა ქუჩის, მედიის და დასავლური ზეწოლისგან მაქსიმალურად დაზღვეული იქნება. ფორმები განსხვავდება, მასშტაბიც განსხვავდება, მაგრამ ლოგიკა საერთო შეიძლება იყოს: ნაკლები გაურკვევლობა, ნაკლები საჯარო კონტროლი, მეტი ,,მართული სტაბილურობა.“
მეორე – ტრანზიტი და ფული.
ენერგეტიკა, რკინიგზა, პორტები, შუა დერეფანი, ახალი ლოგისტიკური სქემები, ინვესტიციები, შესაძლოა ერთობლივი საინვესტიციო პროექტებიც. ალიევმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ახალი ინვესტიციები და დერეფნების გაფართოება განიხილება. ასეთ თემებზე ივანიშვილის პოლიტიკური სისტემისთვის საუბარი ბუნებრივია, რადგან მისთვის საგარეო პოლიტიკა ხშირად ღირებულებებზე კი არა, კონტროლირებად ეკონომიკურ ინტერესებზე გადის.
მესამე – ახალი რეგიონული რეალობა.
აზერბაიჯანი ცდილობს, სამხრეთ კავკასიის ახალ წესრიგში თავისი წონა უფრო მეტად პოლიტიკური გავლენადაც გარდაქმნას. საქართველო, რომელიც ადრე იყო დასავლეთთან რეგიონული მისასვლელი კარი, დღეს ბევრად უფრო გაურკვეველ როლშია. ასეთ ვითარებაში თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რომ თამაშგარე არ დარჩეს; ბაქოსთვის კი – რომ თბილისი საიმედო კორიდორად დარჩეს.
დასკვნის სახით კი ვიტყვი: დღევანდელი ვიზიტის მთავარი აზრი ჩემთვის ასეთია:
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია – ენერგეტიკისთვის, ტრანზიტისთვის, რეგიონის სტაბილურობისთვის, არაღიარების პოლიტიკისთვის. ამ პარტნიორობის დანგრევა არავის ინტერესში არ არის. მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა მაშინ მუშაობს ღირსეულად, როცა ორივე მხარე ერთმანეთში სახელმწიფოს ხედავს და არა მხოლოდ რეჟიმს; პრინციპს ხედავს და არა მხოლოდ სარგებლიანობას.
დღეს კი ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ის არის, რომ თბილისი ამ ურთიერთობაში უფრო და უფრო ნაკლებად ჰგავს საკუთარ, ,,ძველ“ თავს.
ქვეყანას, რომელიც ერთ დროს ამ პარტნიორობაში ღირსებას, დასავლურობას და ინსტიტუციურ უპირატესობას დებდა - ემუქრება რისკი, რომ მხოლოდ დერეფნად დარჩეს.
ხოლო დერეფანი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური ნება და მორალური ხერხემალი აღარ აქვს, ადრე თუ გვიან სხვების გავლენის გამტარი ხდება და არა საკუთარი ინტერესების მატარებელი.
