logo
ENG



პრეზიდენტი: რობოკოპები მომიტინგეებს ყველგან დევნიან, რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები

29 ნოე 202409:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/euko0ismtvssr73.jpg

პოლიციის მხრიდან ანტირუსული საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმაურება.

ის აზიარებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მოქალაქეების დასაკავებლად აფთიაქში შევიდა.

"პროტესტი საქართველოში - საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზოში თუ აფთიაქში, რობოკოპები დევნიან აქციის მონაწილეებს ყველგან, რათა სცემონ და დააკავონ ისინი... რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები", - წერს პრეზიდენტი. 

***

მთელი ღამის განმავლობაში აქციის დარბევის შემდეგ პოლიცია მოქალაქეების დევნასა და დაკავებას აგრძელებს. ამჯერადაც დაკავებების პარალელურად გრძელდებოდა ძალადობა. 

გამთენიისას, დაახლოებით 06:30-ზე პოლიციელების დიდი ჯგუფი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით დაიძრა და გზადაგზა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო. როგორც ჩანს, შსს-ს თანამშრომლები რუსთაველის გამზირს წმენდენ. ერთ-ერთი ადამიანის დასაკავებლად ისინი აფთიაქშიც შევიდნენ. 

ღამის განმავლობაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ამასთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ნიღბიანი, შავებში ჩაცმული, ზურგჩანთიანი პირები, რომლებიც გაურკვეველია, რომელ სამსახურს წარმოადგენდნენ, მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს-ს წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. რამდენიმე ჟურნალისტმა წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამო მიიღო დაზიანება. პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციამ დააკავა და სცემა. მას სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი.

ამასთან, ფიზიკურად იძალადეს TV პირველის ოპერატორზე. 

მძიმედ დაშავდა ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა. მას აქციის დარბევის მორიგი ტალღის დროს სპეცრაზმელი უკნიდან მიეპარა და თავში ჩაარტყა. როგავა თავის ქალის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. 


close დახურვა