logo
ENG



შსს დღესაც "კანონიერი რეაგირებით" იმუქრება

04 დეკ 202400:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/04/426h5huc57du7zz.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს, რომ თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ 3 დეკემბერს, შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი მოქმედებები დაიწყეს.

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება დაიწყეს.
კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.

პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. 
 
სპეცრაზმელებმა თბილისი მარიოტთან კორდონი გააკეთეს, ხოლო მომიტინგეებმა რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლეს.

 

 

 


close დახურვა