ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ 20 იანვრის შემდეგ, როდესაც არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება, აშშ-ის ელჩი საქართველოში "გავლენებისგან" გათავისუფლდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საელჩოს ე.წ. ქარდებსაც გამოეხმაურა, რომლითაც საელჩო ქართული ოცნების ქმედებებსა და თუ განცხადებებს ეხმაურება.
"ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში. მანამდე, სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ, ახალ ადმინისტრაციას ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს. რა თქმა უნდა, მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გაქვს ჩვენ მოქმედ ელჩთან, არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც გამოხატულია მოქმედი ადმინისტრაციიდან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ, ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ აბსოლუტურად კომიკური სახეც კი მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა. ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე. ამის გამო ხუმრობით რობინ დანიგანს "რობინ ქარდიგანი" დაარქვეს. ეს, რა თქმა უნდა, მოფერებით, ხუმრობით, არის უწყინარი ხუმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა "ქარდიგანი" ქართულად ჟაკეტს ნიშნავს", - თქვა კობახიძემ.