ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც პოლიციამ დღეს დააკავა, ადვოკატებს არ უშვებდნენ. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ამის მიზეზი "ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით სასურველი ჩვენებების მოპოვებაა".
""6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულების ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის მორიგი უკანონობა, მაშინ, როდესაც მათი დაკავებაც უკანონობა იყო, ჩვენი ოფისის ჩხრეკაც უკანონობა იყო, რაც განხორციელდა სასამართლო განჩინების გარეშე, სადაც დასწრების საშუალება არ მიეცათ არც ადვოკატებს, არც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს და შესაბამისად, უფლებამოსილ პირს, რომელსაც მაძლევს კანონი ნებისმიერ ჩხრეკაზე დასწრებას. [...]
ასეთ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე და ამ შემთხვევაში, ამ პროცესუალური ნორმის დარღვევასაც ჰქონდა ადგილი, სადაც ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, რომ 6 საათის განმავლობაში შესულიყვნენ მათთან. რატომ? იმიტომ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ასევე არის აქ წარმოდგენილი, პოლიციაში, განეხორციელებინა ზეწოლა ამ ადამიანებზე, რომ რამენაირად მოეპოვებინათ იმგვარი ჩვენებები, რომელიც შემდეგ რაიმე ფორმით გაამართლებს იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც პედალრებს ე.წ. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას, თუ სახელმწიფო გადატრიალებას.
ამის ავთენტურობის არავის სჯერა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ფალსიფიკაცია და სავარაუდოდ, სწორედ ჩვენს თანაგუნდელებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით არ დაუშვეს მათთან ადვოკატების შესვლა, თუმცა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არა მხოლოდ ეს 5 ახალგაზრდა, არამედ დანარჩენი ასეულობით სხვა, რომელთა უკანონო დაკავება ამ დღეებში ხდება, არც ერთ მომენტში, არც ერთ წამს არ გატყდება, პირიქით, ჩვენ უფრო გვაძლიერებს ასეთი უსამართლობა და უფრო გვაერთიანებს, როგორც საზოგადოებას და ვართ სრულიად ერთიანი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა გარუსებას და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - თქვა ბოკუჩავამ.
პოლიციამ დღეს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა.
პოლიციამ ისინი ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისიდან გაიყვანა, სადაც ჩხრეკას ატარებდა.
პარტიის ლიდერები, რომლებიც ადგილზე იყვნენ შეკრებილნი, ოფისში შესვლასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვდნენ, თუმცა პოლიცია შიგნით არავის უშვებდა.
შსშ-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილზე მიმდინარეობდა ჩხრეკა, თუმცა პარტიის ლიდერებს, მათ შორის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ჩხრეკის ორდერის წარდგენაზე უარი უთხრა.