სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე, რაც იოსელიანის თქმით, მედიით გავრცელებულ კადრებშიც ცხადად ჩანს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
ომბუდსმენის ცნობით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეებიდან 260 მოინახულეს. მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს.
"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა, 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე", - განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის თქმით, რწმუნებულებმა დაკავებიდან პირველივე საათებში ინახულეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრები ნიკა გვარამია, გელა ხასაია და ზურაბ დათუნაშვილი, ასევე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 7 მოქალაქე.
იოსელიანის ცნობით, გვარამიას განცხადების თანახმად, იგი უკანონოდაა დაკავებული. ამის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა.
"ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა", - თქვა ომბუდსმენმა.
ასევე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ინახულა გელა ხასაია, რომელიც ითხოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას, რაზეც იოსელიანის ცნობით, დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია პოლიციის წარმომადგენლებთან და გამოიძახეს შესაბამისი სამედიცინო ეკიპაჟი.
ლევან იოსელიანმა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე აღნიშნა, რომ მის მიმართ პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
"შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე. მათი მითითების მიღმა მედიით გავრცელებულ კადრებშიც ცხადად ჩანს.
ცალკე მინდა გამოვყო ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისას განხორციელებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ.
ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი", - განაცხადა სახალხო დამცველმა.