logo
ENG



რა წერია საკონსტიტუციოს მოსამართლე ტუღუშის განსხვავებულ აზრში პრეზიდენტის სარჩელზე

09 დეკ 202420:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/09/qdvdyt44jrf2tgv.jpg

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ ტუღუშმა არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

მოსამართლის განსხვავებული აზრი თენგიზ აბულაძის ფილმ მონანიების ციტირებით იწყება:

– ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?

– ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.

– არა? მაშ, რა საჭიროა იგი?!

"ჩეხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საკუთარ განსხვავებულ აზრს თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“, ეს პასაჟი დაურთეს და რიტორიკულად დასვეს კითხვა, „რის მაქნისია გზა, თუ კი ტაძართან არ მიმიყვანს, რა სიკეთე მოაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას და პრობლემების გადაჭრას?

სამწუხაროდ, სწორედ აღნიშნული პასაჟით მიწევს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 29 ნოემბრის №3/7/1848,1849 განჩინებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის დაწყება: რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?! №1848 და №1849 კონსტიტუციურ სარჩელებზე დავა შეეხებოდა დემოკრატიული საზოგადოების არსებობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, კენჭისყრის ფარულობისა და საარჩევნო უფლების საყოველთაობის კომპონენტებს. ხსენებული უფლებებით სათანადო სარგებლობა წარმოადგენს მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლების და, შესაბამისად, ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელების კრიტიკულ წინაპირობას. ამდენად, მოცემული საქმის სათანადოდ განხილვა და გადაწყვეტა დემოკრატიის დაცვისა და განმტკიცებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხი იყო. ამავე დროს, საქმეზე წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმის მიცემის პროცესში, როგორც მინიმუმ, ხშირ შემთხვევაში, დამკვირვებლისათვის, გარკვეული ხარისხით, იდენტიფიცირებადი იყო, გააკეთა თუ არა არჩევანი მოქალაქემ ან/და რომელ კანდიდატს მისცა/არ მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ხმის მიცემის პროცესის კანონიერება შეფასდა საერთო სასამართლოების მიერ და დადგინდა, რომ კენჭისყრა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით წარიმართა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც სადავო ნორმებს იღებს და აფასებს იმ შინაარსით, რომელიც მას საერთო სასამართლოებმა მიანიჭეს, უდავოდ დადგენილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ხმის ფარულობის დარღვევის შესაძლო შემთხვევები მომდინარეობდა კანონმდებლობიდან. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელი ნორმების ფართო სპექტრი.

კერძოდ, ნორმები, რომლებიც განსაზღვრავდა კენჭისყრის ფარულობის ჩარჩოს, კენჭისყრის პროცედურას, ბიულეტენის ფორმასა და შევსების წესს. სასარჩელო მოთხოვნა უბრალოდ არ ტოვებდა სივრცეს, რათა სასამართლოს მოსარჩელის მიერ მითითებული პოტენციური პრობლემა სადავო ნორმების მიღმა ეძებნა. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი იყო სწორად ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც სადავო ნორმების (ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მათ საერთო სასამართლოებმა შესძინეს) კონსტიტუციურობის სათანადოდ შეფასებას მოითხოვდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გადასაწყვეტი იყო საქმე, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, საკონსტიტუციო სასამართლოში ათწლეულების მანძილზე შეიძლება ერთხელ დადგეს დღის წესრიგში. სასამართლო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია სადავო საკითხები, მოესმინა მხარეებისათვის და მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების და, ზოგადად, საარჩევნო პროცესისადმი მოქალაქეთა ნდობას აღადგენდა და გააძლიერებდა.

აღნიშნულის ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული არგუმენტაცია და მტკიცებულებები და სარჩელები განსახილველად არ მიიღო სათანადო დასაბუთების გარეშე. მოპასუხე მხარესთან კითხვაც კი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რით იყო ნაკარნახევი მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემები. ჩემი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როდესაც, საკანონმდებლო ჩარჩო, ისევე, როგორც საქმის პრაქტიკული ასპექტები იძლეოდა მისი ფორსირების გარეშე, ზეპირი განხილვით, სათანადო გამოკვლევის შედეგად, გადაწყვეტის შესაძლებლობას. კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენდა კანონმდებლობიდან მომდინარე, კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკებს. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელებში დასმული საკითხები იდენტიფიცირებული იყო იმდენად ცხადად, რომ მათი აღქმა რთული არ უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებისთვის, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის.

სასამართლოს უბრალოდ უნდა დაენახა და შინაარსობრივად შეეფასებინა სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მან არ გააკეთა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად უარი თქვა კონსტიტუციური კონტროლის, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული შეკავებისა და ბალანსის სისტემაში მისი იმანენტური ფუნქციის, განხორციელებაზე"- წერს ტუღუში.

სარჩელზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემაც.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

19 ნოემბერს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ამავე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. 


close დახურვა