ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი დღეს პრეზიდენტის არჩევას აპირებს. ერთადერთი კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი, ქართული ოცნების წევრი მიხეილ ყაველაშვილია.
ე.წ. არჩევნებს ცესკო ჩაატარებს. საარჩევნო კოლეგიის წევრები დილიდან პარლამენტში იკრიბებიან.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
ამის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც დილიდან არალეგიტიმური პროცესის წარმართვას აპროტესტებენ.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
დღეს კოლეგიის მაქსიმუმ 230 წევრამდე იქნება წარმოდგენილი. საპარლამენტო ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე, არ იქნებიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები ოპოზიციიდან.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიცია აქაც ბოიკოტშია, ცესკომ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ სახელისუფლებო პარტიას აეთვისებინა ეს კვოტები.