ესტონეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს "პრეზიდენტად" დანიშვნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია!", - წერს მიჰკელსონი X-ზე.
***
ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. არჩევნები ერთპარტიულ არჩევნებში დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.
ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.
არჩევნების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებდნენ.
ახალ პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად ქართული ოცნებისგან იყო დაკომპლექტებული.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო დარბაზში არ გამოცხადდა.
300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
საპარლამენტო ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე, არ იქნებიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები ოპოზიციიდან.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიცია აქაც ბოიკოტშია, ცესკომ და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ სახელისუფლებო პარტიას მათი კვოტებიც აეთვისებინა.