ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
მისი თქმით, განხილვის საგანი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა და ქართული ოცნების მიერ ესტონეთის შესახებ დღეს გავრცელებული განცხადებაა.
"დღეს ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა, ასევე საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ. სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელსაც ესტონეთი წლებია მხარს უჭერს, მტრულ რიტორიკას იყენებს ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთის ნარატივს იმეორებს", - წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.
ფორმულა დეტალებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
საქართველოს მთავრობა დღეს ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ ქართული ოცნების წევრებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. განცხადებაში მთავრობა ირწმუნება, რომ ეს ქვეყნები უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ "დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი".
15 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა ქართული ოცნების წევრები და მათი გარემოცვა დაასანქცირა.