საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს.
ამასთან, საიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაუგებარია, რატომ მიიღო პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის საქმეზე 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება.
"სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 6 დეკემბერს შეუფარდა პატიმრობა, ხსენებულ სხდომაზე ბრალდების მხარე აბსტრაქტულად უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე და მათ გასანეიტრალებლად ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. საია მიიჩნევდა, რომ პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული, პროკურატურის გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აღნიშნულს.
საყურადღებოა, რომ საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატურად მოუწოდებს პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ინიციატორი თვითონვე იყოს, თუმცა აღნიშნულს პროკურატურა როგორც წესი არ აკეთებს.
მართალია, გაუგებარია ამ შემთხვევაში რატომ მიიღო პროკურატურამ 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც იკვეთება პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების ფაქტები, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მიიღოს მსგავსი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.
პროკურატურის ინიციატივით სასამართლომ კიდევ ერთი აქციაზე დაკავებული პირის, 17 წლის მ. გ.-ს მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით", – აღნიშნულია განცხადებაში.
სასამართლომ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს.