logo
ENG



ლატვიის საგარეო: EU-ის ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ

17 დეკ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/17/hsdr85jxgxwpzjy.jpg

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ EU-ის ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ.

ლატვიის საგარეოს ცნობით, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო შეთანხმდა, გააგრძელოს სავიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის.

"ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება იმ საჭიროებაზე, რომ დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა ასევე პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამონახავენ გზებს, რომ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები ეროვნულ დონეზე დააწესონ", - ვკითხულობთ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ EU-ის საგარეო მინისტრების საბჭოზე ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი განიხილეს. 

"საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ამის საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და შევწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის.

დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე, კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს. და ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში - საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნებათ მათ", - თქვა მან. 

 

 

 

 


close დახურვა