logo
ENG



ბრიტანეთი გომელაურს, დარახველიძეს, ხარებას, ლაგაზაურს და თამაზაშვილს სანქციებს უწესებს

19 დეკ 202417:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/19/o8n2x3no0kunino.jpg

გაერთიანებული სამეფო საქართველოში 5 მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები უწესდებათ: შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. 

განცხადების თანახმად, სანქციები უწესდებათ მათ, ვინც "პასუხისმგებელნი არიან მედიის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე". გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ სანქციებს აშშ-სთან კოორდინირებული მოქმედებით აწესებს.

სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე აქტივების გაყინვას.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.

ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა ქართული ოცნების მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ მეტად დაუცველს ხდის.

დღეს სანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე და პოლიციის 3 მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა