საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით OSCE/ODIHR-ის კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს.
"კონკრეტული ქმედებისკენ მოწოდება ახალ არჩევნებს ნიშნავს. ეს დემოკრატიული გამოსავალია, რადგან ამ არჩევნებმა საქართველო ღრმა კრიზისში ჩააგდო", - წერს პრეზიდენტი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.
ამასთან, დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველზე ზეწოლაზე. მათივე ცნობით, არჩევნები OSCE/ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობასა და შედეგების აღიარებას, ეუთოს განცხადებით, ეს მათი მანდატი არ არის.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შეშფოთებების ფონზე, რაც ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას.