logo
ENG



მდინარაძე: არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტი იმედები დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე

23 დეკ 202414:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/23/3ps26u9nkyyev0k.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო "არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედი უნდა დაამყაროს 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე", მას შემდეც, რაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

ის ამბობს, რომ საქართველოს პოზიციონირება აშშ-ის მიმართ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს დონალდ ტრამპი დაპირებებს - შეძლებს თუ არა გავლენა იქონიოს უკრაინაში ომის დასრულებაზე, და შეძლებს "მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს Deep State".

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ?! ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს. ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე - Deep State-ის დამარცხება. [...]

დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა იქონიოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მიმართ მისი მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე - როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს ბიუროკრატიაში აშშ-ში, რა შემთხვევაშიც, ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ. 

თუ ის შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ, თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია ეს ტურბულენტობა გაგრძელდება", - ამბობს მდინარაძე. 

მანამდე, ქართული ოცნება ამბობდა, რომ იმედით ელოდება 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც, დე ფაქტო პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ირაკლი კობახიძის თქმით, "ოპტიმისტურად" ელოდებიან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. 


close დახურვა