logo
ENG



სასამართლომ ძმები წულუკიძეების და კიდევ 5 ადამიანის პატიმრობა ძალაში დატოვა

02 ივნ 202121:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/02/om7n2bonh4w2gx0.jpg

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბათუმელი სპორტსმენების, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეების ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ისინი, ისევე როგორც მათთან ერთად 15 აპრილს დაკავებული კიდევ 5 ადამიანის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. 

ადვოკატები დაკავებულების 5000 - 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. წინასასამართლო სხდომა 7 ივლისს დაინიშნა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური მოჰყვა. 

დაკავებულების ახლობლებმა მანქანას გზა რამდენიმე წუთით გადაუკეტეს. 

დაკავებული წულუკიძეები და ჭელიძეები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ისინი მონაწილეობდნენ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებშიც. 

ოჯახის წევრების თქმით, მათი დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ისინი მოქალაქე ავთანდილ ახვლედიანის საჩივრის საფუძველზე 2021 წლის 15 აპრილს, სპეცოპერაციით დაიჭირეს. ახვლედიანს დაზარალებულების სტატუსი მიანიჭეს. 

ახვლედიანს, წულუკიძეებს და ჭელიძეებს შორის დაპირისპირება სოფელ გუმათთან მოხდა. საპროტესტო აქციის შემდეგ აქციის მონაწილეები ბათუმში დასაბრუნებლად მანქანებში სხდებოდნენ. ავთანდილ ახვლედიანი წულუკიძეებს და ჭელიძეებს აქციიდან წასვლას აიძულებდა. 

დაკავებულების ადვოკატის თქმით კი ახვლედიანმა პროვოკაცია მოაწყო. 

თვითმხილველის თქმით, ჭელიძეებს თავს დაესხნენ. მანქანებში ჩასასხდომად მისულებს ახვლედიანი სხვებთან ერთად დახვდა და უთხრა, რომ გუმათის აქცია "ქუთაისური პონტია და ბათუმელები იქ არ უნდა ჩასულიყვნენ". 

ახვლედიანის მხრიდან პროვოკაციასა და პოლიციის პასიურობაზე საუბრობენ რიონის მცველები. 


close დახურვა