საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი აღნიშნავს, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლება "პოლიტიკური ანგარიშსწორებაა". გიგა სოფრომაძე ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე იყო დასაქმებული და საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.
როგორც პროფკავშირების განცხადებაშია აღნიშნული, სოფრომაძე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა დედაქალაქის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში გათვალისწინებული ყოფილიყო შშმ პირთა ინტერესები, ადაპტირებული ყოფილიყო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა ამ ადამიანებისთვის.
"მისი გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღოდა რამდენიმე საგულისხმო ფაქტი: გიგა სოფრომაძემ გუშინ სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად მიმართა იუსტიციის სახლს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის“ რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რომლის თანათავმჯდომარეცაა. ის ასევე არის თბილისის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებას. გარდა ამისა, გიგა ბოლო წლებში, ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს „გამჭვირვალობის კანონთან“ და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და პირდაპირი დარტყმა ჩვენს ორგანიზაციაზე, ჯერ კიდევ მისი რეგისტრაციის დასრულებამდე, ასევე ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში დასაქმებულთა დაშინებას.
ეს გადაწყვეტილება პასუხგაუცემელი არ დარჩება და ჩვენი ერთობა ბოლომდე იბრძოლებს მისი ინტერესების დასაცავად, კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმით.
ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დარტყმის სამიზნეა და დავიცავთ ჩვენი კოლეგების ინტერესებს, ვინც განუხრელი პატიოსნებით შრომობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.