ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება და წერს, რომ ახლა ზუსტად ის დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან.
"როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ივანიშვილი უკვე იყო ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის სანქციების სიაში. ზუსტად ის დროა, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას!", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2 დეკემბერს ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ, სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.
***
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
"მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართულმა ოცნებამ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი", - წერს სახაზინო დეპარტამენტი.
ამასთან, ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოლიგარქისა და ქართული ოცნების ქმედებებმა გაანადგურა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევასა და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
14024 აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომლის ქვეშაც ივანიშვილის სანქცირება მოექცევა, პირის ქონება და ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში იყინება, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ან კომერციული ურთიერთობა. შედეგად, ხდება პირის იზოლაცია არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ხშირად გლობალური ფინანსური სისტემებიდან, რადგან საერთაშორისო ინსტიტუტები და კომპანიები ხშირად ემორჩილებიან სანქციებს მეორადი სანქციების თავიდან აცილების მიზნით.