logo
ENG



შაიშმელაშვილი: 5 ივლისის ძალადობისას მოქმედებები ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული

28 დეკ 202422:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/28/5co841m7335cpug.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობისას საპოლიციო მოქმედებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული.

მისივე თქმით, შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა, რომელიც უშუალოდ იყო ხაზზე ჯაღმაიძესთან.

"2021 წლის 5 ივლისის დღის საათებში, სამწუხაროდ, გეგმა არ იყო. წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომელიც წარვადგინეთ არ აამოქმედეს - სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა ვყოფილიყავით. გვითხრეს, რომ სიტუაცია ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანმხებული და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც საჭირო იყო. შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა.

10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ, როცა ჩვენი ქვედანაყოფები ადგილზე მივიდნენ, სამწუხაროდ, უკვე ყველა ნაცემი იყო", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

***

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ შეკრებილმა ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს. ამ მოვლენის მსვლელობისას, ადგილზე ფაქტობრივად არ იყო მობილიზებული პოლიცია. ამის შემდეგ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.

იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო    მოძრაობა „სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.

5 ივლისს, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად პოლონელი ტურისტიც დაჭრეს. როგორც ცნობილია, მიზეზი მისი საყურე გახდა. ინციდენტი კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მოხდა, რაც მოვლენების ეპიცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს. ფორმულას ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ ტურისტი მამაკაცი თავდამსხმელებს ჰომოსექსუალი ეგონათ. 

ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. საქართველოში მყოფმა 20-მდე დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სამოქალაქო მოძრაობების ოფისების დარბევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა