BBC-ის რუსული სამსახური ინფორმაციით, რუსეთის სმოლენსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა.
მათივე ცნობით, ქალაქ იარცევოში მდებარე საწვავის საცავზე დარტყმის შედეგადად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის გარკვეულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
"წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად, მოხდა საწვავის დაღვრა და საწვავის და საპოხი მასალების აალება" - განაცხადა სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 68 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 10 სმოლენსკის ოლქში.