logo
ENG



დღეიდან თბილისში პიკის საათებში მოძრაობა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეზღუდება

01 იან 202516:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/01/gddbbe9wtv174wj.jpeg

პირველი იანვრიდან, თბილისში 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობა დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 25 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"წლინახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში.

08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს, ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამ-ნახევარ ტონაზე მეტი, სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული. რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ.

ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ", - თქვა კალაძემ.


close დახურვა