უკრაინა 2025 წლის ბოლომდე, PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნილებების სია) ინიციატივის ფარგლებში, 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა ადასტურებს.
ცნობილია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და კრიტიკული სათადარიგო ნაწილები აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან იქნება მიწოდებული.
შეკერინსკას განცხადებით, PURL-ის ლოგისტიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს პოლონეთსა და რუმინეთში არსებული ჰაბების მეშვეობით. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მუდმივად სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება, ხოლო NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიები ზრდიან წარმოებას ამ დეფიციტის შესავსებად.
შეკერინსკამ ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებების უდიდესი ნაწილი უკრაინაში სწორედ PURL-ის მეშვეობით შედის.
ცნობისთვის, PURL არის აშშ-ისა და NATO-ს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შეძენილი ამერიკული იარაღის სწრაფ მიწოდებას. იგი 2025 წლის ზაფხულში ამოქმედდა.
დეკემბრის დასაწყისისთვის ინიციატივას მსოფლიოს 21 ქვეყანა შეუერთდა.
