logo
ENG



როდის აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უკრაინიის ეკლესიის ავტოკეფალიას? - მეუფეების შეფასებები

14 ოქტ 201911:35
3 წუთის საკითხავი
 
mc8gcebi7gqu92s.jpeg

გახდება თუ არა საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება მაგალითი ქართველი მღვდელმთავრებისთვის? - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდში აზრი ორად იყოფა.

მეუფეების ნაწილი, უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა ამ მხარდაჭერის ოფიციალურად გაფორმებას ჯერ არავინ ჩქარობს. მეტიც, მღვდელმთავრები ამბობენ, რომ ეს საკითხი ადვილად ვერ მოგვარდება.

საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ არის ცნობილი, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კიდევ არ გახდება საჯარო, რადგან მეუფეები ელოდებიან როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი.

მეუფეების ნაწილი მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მათი დიდი ნაწილი რუსული გავლენების გამო თავს იკავებს, რომ დაადასტუროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სინოდზე ყველა ის საკითხი დადგება, რომელიც აქტუალურია.

ჩვენ ვეცდებით, რომ სინოდზე ყველა ის საკითხი დადგეს, რომელიც აქტუალურია და რომელიც პასუხებს ითხოვს. ყველაფერს გაეცემა პასუხი ისე როგორც საჭიროა. მე ასე ვფიქრობ,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჩვენ ვართ დიფტიხში და მოგეხსენებათ დიფტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ჩვენი რიგიც ალბათ მოვა. სინოდის სხდომის თარიღი პირადად ჩემთვის არაა ცნობილი. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც შეძლება გაგრძელდეს ათეულობით წლები და მთავარია უკრაინელმა ხალხმა ეს მოისურვოს,“ - აცხადებს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანიანია.

როდის აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეეკლესია, უკრაინიის ეკლესიის ავტოკეფალიას? - ამ კითხვაზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი აცხადებს, რომ როცა ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

როცა დააპირებს აუცილებლად შეიტყობთ. მე ვუჭერ მხარს მსოფლიოს ყველა დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელმა.

განცხადებები მეუფეებმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ყოფნის დროს გააკეთეს.

საზეიმო წირვას, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. წირვაზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

საზეიმო წირვა მალე დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ქადაგებითაც მიმართავს სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს.

შეგახსნებთ, რომ უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2018 წლის დეკემბერში მიიღო, 2019 წლის 5 იანვარს კი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად ავტოკეფალიის ტომოსს (სიგელს) ხელი მოაწერა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამ დრომდე არ აღიარებს. 

 


close დახურვა