უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება საქართველოს მიერ - მღვდელმსახურთა ნაწილს აინტერესებს, რატომ ვერ მიიღო ამ საკითხზე გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომ. რუსული გავლენების არსებობას სინოდში მღვდელმთავრები არ აღიარებენ, თუმცა ამის უარყოფაც უჭირთ.
მეუფე მელქისედეკი ერთადერთი უმაღლესი იერარქიის მღვდელთმსახურია, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს ღიად უჭერს. სასულიერო პირმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება უნდა შეწყვიტოს და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს.
როდის დაიწყებს საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურების საკითხს - ამ კითხვას არც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ და არც უმაღლესი სასულიერო პირების უმრავლესობამ არ უპასუხა.
რუსული პოლიტიკის გაძლერებაზე საუბრობენ თეოლოგებიც. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ დღეს საპატრიარქო რუსული პოლიტიკური ეკლესიისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურება კი ქართული სასულიერო პირების მხრიდან რუსული გავლენებისგან გათავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხზე კითხვებს გაურბიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მმართველ გუნდში ამ თემაზე არ საუბრობენ. ოპოზიციაში კი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დუმილს ქვეყნისთვის საზიანოსა და მავნებლურ პოზიციას უწოდებენ.
უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის დადასტურება რუსეთის ეკლესიის მუქარის მიუხედავად არ შეშინებია საბერძნეთის საპატრიარქოს, მანამდე კი გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მიიღო.