
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.
"აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს. მთავარია, არჩევნები ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო. ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა, თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა.
"ყველანი ვხვდებით, რომ მარადიული არ ვარ. ამ არჩევნებში არ მინდოდა მონაწილეობის მიღება, არ მინდოდა, რამდენიმე თვის წინ, პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე, ეს გადაწყვეტილება გავუზიარე ნატალია კოჩანოვას. ვუთხარი: როდემდე შეიძლება ასე? უკვე 30 წელი გავიდა, ცოტათი უხამსობაა, თითქოს სხვა არავინ არის", - აღნიშნა მან.
***
დღეს, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება - საარჩევნო უბნები დილიდან უკვე გაიხსნა. ცნობილია, რომ ამომრჩეველთა სიებში 6,9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი.
ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი - აქედან 207 საავადმყოფოებში, სანატორიუმებში და დროებითი განთავსების სხვა ადგილებში. საარჩევნო უბნები არ გახსნილა საზღვარგარეთ.
პრეზიდენტობას ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო მე-7 ვადით გეგმავს. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები.
ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ლუკაშენკოს გარდა, ბელარუსის პრეზიდენტისთვის კიდევ ოთხი კანდიდატი იბრძვის: ბელორუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლეგ გაიდუკევიჩი; შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ალექსანდრე ხიჟნიაკი; ბელორუსის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი სერგეი სირანკოვი; წინა არჩევნების ყოფილი კანდიდატი, მეწარმე, უპარტიო ანა კანოპაცკაია.