
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება "იმედისმომცემი, მაგრამ არასრული იყო".
"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო, იმედი მაქვს, რუსეთიც აპირებს შეთანხმებას",- თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ "ძალიან იმედგაცრუებული იქნება" თუ პუტინი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს იტყვის.
"ჩვენ გვინდა ვიხილოთ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის მხრიდან. ჩვენ კი, იცით, არ ვმუშაობდით სიბნელეში. უკრაინასთან ვმსჯელობდით მიწაზე და იმ ნაწილებზე, რომლებიც დარჩება ან დაიკარგება, ასევე საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებზე. აქ ასევე ჩართულია ელექტროსადგური, ძალიან დიდი ელექტროსადგური. ვინ მიიღებს ელექტროსადგურს, ვინ მიიღებს ამას.
ასე რომ, თქვენ იცით, ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ პირველი ეტაპი არის ცეცხლის შეწყვეტა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.
"იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ მას რუსეთისთვის ბერკეტები აქვს, მაგრამ ამ დროისთვის არ სურს მისი გამოყენება.
პრეზიდენტი ტრამპი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მან გააძლიერა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
***
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტავს, რომ თანახმაა 30-დღიან ზავზე, მაგრამ “ეს უნდა იყოს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ”.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები". მან ერთ-ერთ ამ ნიუანსად დაასახელა უკრაინული არმიის პოზიცია კურსკის ოლქში და თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მასზე კონტროლთან დაკავშირებული კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია და ისინი დეტალურად უნდა განიხილონ შეერთებულ შტატებთან.
ამასთან, საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "დროებითი ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
"მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა", - ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში.