
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ფიქრობს, რომ რუსეთი შეერთებული შტატების მოკავშირეებს თავს არ დაესხმება.
მან აღნიშნულ საკითხზე ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე იმყოფება.
"ეს არ მოხდება, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს არ მოხდება", - თქვა ტრამპმა მედიასთან.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი რუსეთთან სერიოზულ დისკუსიებს აწარმოებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ასევე, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი "იმედია, სწორად მოიქცევა".
"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო, იმედი მაქვს, რუსეთიც აპირებს შეთანხმებას",- თქვა ტრამპმა.
***
ტრამპმა თქვა, რომ მას რუსეთისთვის ბერკეტები აქვს, მაგრამ ამ დროისთვის არ სურს მისი გამოყენება.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტავს, რომ თანახმაა 30-დღიან ზავზე, მაგრამ “ეს უნდა იყოს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ”.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები". მან ერთ-ერთ ამ ნიუანსად დაასახელა უკრაინული არმიის პოზიცია კურსკის ოლქში და თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მასზე კონტროლთან დაკავშირებული კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია და ისინი დეტალურად უნდა განიხილონ შეერთებულ შტატებთან.
ამასთან, საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "დროებითი ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
"მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა", - ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში.