logo
ENG



სამოქალაქო იდეა: ქართული ოცნება აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს

15 მარ 202513:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/15/iky4y8kaqkej310.jpg

ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა ანგარიშს იმის შესახებ აქვეყნებს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე მყოფი მოქალაქეების გასაკონტროლებლად ჩინურ სათვალთვალო კამერებს იყენებს. 

ორგანიზაციის თქმით, 2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების მიერ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების დაშინების და მონიტორინგის გაძლიერებულ მცდელობებს.

"სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 112-მა ჯამში 485 877 ლარის ღირებულების ჩინური კამერა შეიძინა. კერძოდ,

◊ 2025 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-მა შპს “ჯი ეს სი”-სგან შეისყიდა 155 977 ლარის ღირებულების 35 კამერა, რომელიც წარმოებულია Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd-ს (იგივე Dahua) მიერ.

◊ 2025 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „112“- მა შპს „ჯი ეს სი“-სგან შეისყიდა 329 900 ლარის ღირებულების 100 მართვადი კამერა, რომელიც წარმოებულია ჩინური კომპანია Dahua-ს მიერ", - წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია სამოქალაქო იდეას წინა კვლევის მიხედვით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და მათმა ქვეუწყებებმა ჩინური კამერების შესყიდვებზე ჯამში 252 390 ლარი დახარჯეს. ამასთან, 112-ის მიერ, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის ორმაგი ღირებულების კამერების შეძენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

"აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისისს კომუნისტური ჩინეთისთვის დამახასიათებელი „პოლიციური სახელმწიფოს“ მეთოდებით „მართავს“", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ანგარიშის მიხედვით მიიჩნევს, რომ ჩინური სათვალთვალო კამერები მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

"ჩინეთის ტექნოლოგიების მწაროებელ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის Dahua-ს, მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. მაგალითისათვის, მიუხედავად იმისა, რომ Dahua ოფიციალურად კერძო კომპანიას წარმოადგენს, მისი დამფუძნებლები და დირექტორები კომპარტიასთან აქტიურად თანამშრომლობენ. Dahua-ს ერთ-ერთმა მეწილემ, ფუ ლიქუანმა 2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კომუნისტური პარტიის ლოზუნგის - „ყოველთვის მიჰყევი პარტიას“ („Always Follow The Party“) მნიშვნელობას.

◊ ჩინურ კომპანიებს, მათ შორის ტექნოლოგიურ კომპანიებს, ეროვნული დაზვერვის კანონის შესაბამისად, ევალებათ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ჩინური კამერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, შესაძლოა, ჩინეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს.

◊ ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების სისტემები შეიცავენ ისეთ მოწყვლად ელემენტებს, რომლებიც კიბერშეტევების განხორციელების შესაძლებლობას ჰქმნის.

◊ ჩინური სათვალთვალო კამერები ხშირად გამოიყენება ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებზე კონტროლისა და თვალთვალის მიზნებისთვის", - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევების გამო, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა კომპანია Dahua-ს მიერ წარმოებული კამერების გამოყენება აკრძალა. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიები რამდენჯერმე აიკრძალა.

"ამერიკის კომერციის დეპარტამენტმა, 2019 წელს, უიღურთა იძულებითი შრომის პრევენციის აქტის ფარგლებში, Dahua შავ სიაში შეიტანა.

◊ 2021 წელს, ამერიკის ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ Dahua ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმომადგენელი ორგანიზაციების სიაში დაამატა.

◊ 2022 წელს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა Dahua ჩინეთის „სამხედრო კომპანიად“ დაასახელა", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თქმით, "ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ Dahua-ს პროდუქციის აკრძალვის ფონზე, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო კამერებს. საქართველოს მოქალაქეების თვალთვალისა და დაშინების მცდელობები სამეთვალყურეო ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოადგენს „ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლის კიდევ ერთ გამოხატულებას".


close დახურვა