logo
ENG



ოცნებას ნარკოდანაშაულზე სისხლის კოდექსში სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა შეაქვს

17 მარ 202521:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/17/35i8gygc5amfdoz.png

ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატოს.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას. [...] ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს, სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია.

ეს არ იქნება ადმინისტრაციული სასჯელი, ეს იქნება სისხლის სამართლის წესით, სისხლის სამართლის ნორმაში დაწერილი სასჯელი, იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისათვის დაენიშნება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს შემთხვევები იქნება შეფასებული როგორც მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ასევე შესაძლოა, ამ დისკრეციის განხორციელებას, მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას ამ მიმართულებით საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიური, ნარკოლოგის ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით და არა მხოლოდ კერძო, არამედ ზოგადი პრევენციისათვისაც, იყოს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს.

ამ მიმართულებით პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება - მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში ცვლილებები.


close დახურვა