
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელზეც, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთო ინტერესები განიხილეს.
"სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა.
სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის შესაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მდივანი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ნებისმიერი გზით ესკალაცია მიუღებელია", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა.
2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
დღეს, 25 მარტს სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტი საბოლოოდ მიიღო.