logo
ENG



თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

27 მარ 202518:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/27/fkxkz93rg02ekjp.png

კოალიცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დასანქცირებულ ადამიანთა სია დოკუმენტის სახით მიიტანა, რათა საქმეში დაერთოთ. მისივე თქმით, მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა.

"დამაზუსტებელი კითხვები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა და ველოდებით შემდეგ გამოძახებას. 

მთავარი კითხვა არის რატომ არ მივედი ე.წ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი, შაპიტო და ბიძინას შოუ. რაზედაც ვუპასუხე, რომ მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეტოვებინა ეს მანდატი, იმიტომ რომ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას. 

დოკუმენტები მქონდა წამოღებული, დასანქცირებული ადამიანების სია, რათა საქმეში დაერთოთ. 

წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომელიც მინდოდა გამეცნო მოსამართლისთვის, რომ არც ქვეყანას, არც ევროკავშირს, ევროსაბჭოს, აშშ-ს [არ უღიარებია ლეგიტიმაცია]. ასევე, წამოღებული მქონდა ამ მთავრობის დასანქცირებული წევრების სია, რომ დართულიყო ეს საქმეში და ამეხსნა, ეს არ არის ჩემი უბრალოდ მიზეზი, არამედ ეს არის საფუძველი, თუ რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა", - თქვა ხაზარაძემ.

პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის წინააღმდეგ 26 მარტს დაიწყო. მას არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავებიან.

მუხლი ერთი წლით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

"ეს ბრძოლა [იმაზე] არ არის მე დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ, ეს ბრძოლა არის იმ უსამართლობის, მიტაცებული ქვეყნის და რუსეთზე ჩაბარების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა"- თქვა ხაზარაძემ სასამართლოში შესვლამდე.


close დახურვა