logo
ENG



ჟურნალისტი საბა სორდია დაკავების დეტალებს იხსენებს

09 აპრ 202500:13
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/09/hm2m4a3lw880ujy.jpg

ინდიგოს ჟურნალისტმა საბა სორდიამ, რომელიც სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს, ფორმულას ეთერში, გადაცემაში ხალხთან ერთად დაკავების დეტალები გაიხსენა.

ის ჰყვება, რომ მასსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თვითნებურად დაიწყო მისი ჩანთის შიდა ჯიბის შემოწმება.

ის ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციელები მას მანქანაში პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"ამ ამბავში, ამ საჯარო გამოხმაურებაში რაც მომწონს არის ის, რომ მე არ ვარ პირველი ადამიანი, ვინც აღმოჩნდა, რომ პოლიცია სცდება კანონით მოცემულ ფარგლებს. როდესაც მათ მოინდომეს ჩემი გადამოწმება, მე კანონის ფარგლებში მათ გადავეცი პირადობა, შემდეგ მთხოვეს ჩანთის გახსნა, გავხსენი, უბრალოდ, ჩვენი შელაპარაკება და ჩემი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა, პირველმა ცრუ მოწმემ, თვითნებურად გადაწყვიტა ჩემი ჩანთის შიდა ჯიბის გახსნა, რისი უფლებაც არ აქვთ, რაზეც მივუთითე, რომ ეს სცდებოდა კანონიერების ფარგლებს, პირადობა მათ ჰქონდათ, ჩემი გადამოწმებაც შეეძლოთ.

დღეს, სასამართლოზე ერთ-ერთი მოწმე ჰყვებოდა, რომ ჩემი პირადობა მას ჰქონდა, თუმცა მე ვაქტიურობდი, თან ხელს ვუშლიდი ჩანთის დათვალიერებაში, ვიდეოს გადაღებაში და ასევე ვართმევდი პირადობას, ანუ, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პირადობას ვერ დახედა და ჩემი გვარი ვერ ამოიკითხა. თვითონ თქვა, რომ განყოფილებაში გავიგეთ მისი სახელი და გვარიო.

ჩემს პროტესტს და უკმაყოფილებას, ბუნებრივია, ოდნავ ხმაურიც მოჰყვა, ხალხის ყურადღებაც მივიქციეთ და შემდეგ, მანქანაში როცა ჩამსვეს და დავიძარით მარჯანიშვილზე, განყოფილების მისამართით, ბუნებრივია, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა სასამართლოზეც ეს სიტყვა გამოვიყენე - ზომიერების ფარგლებში, ანუ, არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. არ უგინებიათ, მაგრამ პერსონალურ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. [...] უწმაწური ფრაზები იყო, ეთერში ვერ ვიტყვი", - ამბობს საბა სორდია. 

გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ პოლიციელთან დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.


close დახურვა