logo
ENG



ჯეიმს მაკკლირი: ბიძინა ივანიშვილი ღელავს, რომ ბრიტანეთის სანქციები შეიძლება რეალობად იქცეს

10 აპრ 202512:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/10/l6eghz1dg66iik4.jpg

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი რადიო თავისუფლებასთან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს ეშინია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და სანქცირებული აღმოჩნდება".

ჯეიმს მაკკლირი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებიც აქტიურად მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას. მან შეიტანა ბრიტანეთის პარლამენტში ე.წ. Early day motion პროცედურული ინიციატივა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, "იყო ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც საქართველოში ხდება".

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ბედი ეწია დიდი ბრიტანეთის პარლამენტში წარდგენილ ამ წინადადებას, ის ამბობს: 

"ეს იყო პროცედურული ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღება მიგვეპყრო იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეულია – დღეს გაცილებით მეტი დეპუტატი ინტერესდება საქართველოს თემით. ზოგს, ცხადია, ისედაც ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა თუ ინტერესი, მაგრამ იზრდება მათი რიცხვი, ვისაც ესმის, რა დევს სასწორზე საქართველოში".

დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის მხრიდან სანქცირების დაწესების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ის ამბობს, რომ თითოეული პარლამენტარის პოზიცია არ იცის ამაზე, თუმცა, ჯერჯერობით არ მოუსმენია ვინმესგან პარლამენტში, ამის წინააღმდეგ ღიად გამოსულიყო. პარლამენტარი აღნიშნავს, რომ "ზეწოლა არა ერთპარტიული, ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების დაწესების მოთხოვნით. მთავრობა ამ ყველაფერს ისმენს და იმედი მაქვს, კულუარებში ნაბიჯებიც იდგმება აქამდე მისასვლელად".

რადიო თავისუფლების კითხვაზე: "ეტაპობრივად სად ხართ ახლა ამ გზაზე და რა არის შემდეგი ნაბიჯი? რამდენად ახლოს ხართ მიზანთან, რამდენად შეფიქრიანებული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი?", ის ამბობს:

"გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გავუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. early day motion-ი, როგორც ასეთი, ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება. ამიტომ სახტად დავრჩი, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა.

საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს – და განსხვავებით პუტინისგან, ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს". 

ჯეიმს მაკკლირი ფიქრობს, რომ არსებობს შანსი, ბიძინა ივანიშვილის "განეიტრალებით", მის მიერ შექმნილი სისტემაც ჩამოიშალოს.

"უნდა ვიყოთ მზად ამ სცენარისთვისაც – რომ სისტემა შეიძლება ძალიან სწრაფად ჩამოიშალოს. და ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტები დროულად და ეფექტიანად აღდგეს. წარსულში ეს, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ – ვერც ჩვენ და ვერც ამერიკამ, მაგალითად, რუსეთში 90-იან წლებში. ამიტომაც, აუცილებელია მზადყოფნა. და მზარდი ზეწოლა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, ვფიქრობ, ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილია".


close დახურვა